როგორ მოვაწყოთ საკუთარი სახლის ეზო
როდესაც საკუთარ სახლებზე და მათ დადებით მხარეებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ ვახსენოთ ეზო, რომელსაც კერძო სახლების კონცეპტი აუცილებლად მოიაზრებს და რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარეა. საკუთარი ეზო არის ის ფუფუნება, რომელიც საშუალებას გაძლევს აბსოლუტურად თავისუფლად და შენ გემოზე გაატარო დრო გარეთ. სწორედ საკუთარი ეზო სძენს სახლებს იმ ხიბლს რაც პირადი, თავისუფალი სივრცის არსებობას გულისხმობს და რაც, დღეს ასე ძალიან ჭირს. ეზოში არსებული სივრცე საკმარისია როგორც პარკირებისა და ავტოფარეხისთვის, ისე დასასვენებელი სივრცის, ბაღისა და აუზის მოსაწყობად. ეზო ასევე, საშუალებას გვაძლევს უფრო გაბედულად ვიყოლიოთ შინაური ცხოველები. მათი მოვლა ეზოიან სახლში უფრო კომფორტულია, ვიდრე ბინაში.
საკუთარი ეზო ეს არის კერძო სივრცე ბუნებაში, რომელიც მთლიანადაა მორგებული სახლის პატრონის სურვილებს და აძლევს მას საშუალებას დაისვენოს, გაჯანსაღდეს და გაერთოს. რა თქმა უნდა, ეზოს მოწყობა ისეთივე დროს და ყურადღებას მოითხოვს როგორსაც სახლი. რადგან ის ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს სახლთან და ავსებდეს მას. ეზოს ექსტერიერის დაგეგმარებაც მფლობელის სურვილების და მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება და შესაბამისად, იკვრება შიდა და გარე სივრცე რომელიც მთლიანადაა მორგებული პიროვნების კომფორტზე, რაც საკუთარ სახლს აქცევს იმ ადგილად, რომლის დატოვებაც არასდროს გინდება და რომელიც ყოველთვის საუკეთესო არჩევანია მეგობრული თუ ოჯახური შეკრებების დროს.
მას შემდეგ, რაც დეტალურად განვიხილეთ სახლის დაგეგმარების და რემონტის საკითხები, თამამად შეგვიძლია მთლიანი ყურადღება ეზოს მოწყობაზე გავამახვილოთ და დაწვრილებით განვიხილოთ თუ, როგორ მოაწყოთ საკუთარი სახლის ეზო, მაქსიმალურად ეფექტურად აითვისოთ გარე სივრცე და შეუსაბამოთ ის თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს.
იმისათვის, რომ თქვენი ეზო იყოს აბსოლუტურად კომფორტული და ლამაზი აუცილებელია სწორად მოხდეს მისი დაგეგმვა. უნდა ჩამოწეროთ პუნქტები და დასახოთ გეგმა. მას შემდეგ, რაც არქიტექტორთან ერთად სახლს დააპროექტირებთ, უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი ეზოს ზონირებაზე და იმ მშენებლობებზე, რომელიც იქ უნდა განახორციელოთ. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: რომელ ტერიტორიაზე, რა კულტურების დარგვას გეგმავთ.
სახლის გარდა რომელი შენობა ნაგებობის აშენებას აპირებთ? – იქნება ეს ავტოფარეხი, ფანჩატური, საზაფხულო პატარა სახლი, ორანჟერია, საბავშვო სივრცე, აუზი, თუ შენობები სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მათი დაგეგმვა უნდა მოხდეს პროექტირების დროს, რათა მშენებლობის პროცესი უფრო მარტივი იყოს. გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი შენობა-ნაგებობები უნდა განთავსდეს სახლიდან მინიმუმ 7 მეტრის მოშორებით (გამონაკლისია ავტოფარეხი).
მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდებით, თუ სად, რომელი შენობის აშენებას აპირებთ უკვე შეგიძლიათ, სახლის მშენებლობისას ამ კონკრეტულ ზონებშიც გაიყვანოთ კომუნიკაციები, როგორც წყალმომარაგების მილები, ისე ელექტრო სადენები. ამავდროულად, შავი სამუშაოების შესრულების დროსვე გააკეთეთ სარწყავი სისტემა. სარწყავი აპარატის დამონტაჟებისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს ცენტრში და არა ბილიკების გვერდზე. ასე წყალი მიზნობრივად გადანაწილდება ბაღზე და არ მოხდება ბილიკების და სხვა, ასფალტის ზედაპირის დასველება.
როგორც ზევით აღვნიშნე საკუთარ ეზოში უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. რაც უფრო დიდია სივრცე გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თუმცა აუცილებელია იცოდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამხელა ფართს ფლობთ. მთავარია სწორად მოახდინოთ ზონირება და სივრცე მაქსიმალურად ფუნქციურად აითვისოთ. თქვენ შეგიძლიათ გააშენოთ ხეხილის და დეკორატიული მცენარეების ბაღები ერთ ეზოში და ეს ყველაფერი ისე, რომ არ დაკარგოთ ჰარმონია და შეინარჩუნოთ ფუნქციურობა. მაგალითად, შეგიძლიათ სახლის წინა მხარე დეკორატიულ ბაღს დაუთმოთ, ხოლო უკან ხეხილის ბაღი გააშენოთ. უმჯობესი იქნება, თუ ტკბილნაყოფიან ხეებს სახლისგან მოშორებით დარგავთ. ასე, სეზონზე თავიდან აიცილებთ ფუტკრების და სხვა მწერების სიმრავლეს. თუ მიწაზე მუშაობა გსიამოვნებთ აუცილებლად გააკეთეთ პატარა ბაღჩა, სადაც სასურველ ბოსტნეულს და საკვებ მცენარეებს მოიყვანთ. დღეს ორგანულ, უპესტიციდო საკვები ნამდვილი ფუფუნებაა, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.
რაც შეეხება დეკორატიულ ბაღს და მის კონცეპტს – უნდა იცოდეთ, რომ ბაღების კულტურა საუკუნეებს ითვლის და ის სხვადასხვა ქვეყანებში განსხვავებულად ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. დღეს, ბაღების კულტურის შესახებ ცნობების მოპოვება ადვილადაა შესაძლებელი. ამიტომ, მთავარია ჩამოყალიბდეთ, როგორი ბაღის ხილვა გსურთ ყოველდღიურად და შეუდგეთ მის მოწყობას. არსებობს ინგლისური, ფრანგული, იაპონური სტილები, რომლებიც ყველასგან გამორჩეული და სახასიათოა. უძველესი დროიდან, ბუნებრივი ელემენტებით შემდგარი კომპოზიცია: კანონზომიერი ნარგავები ბაღებში, წყლის სარკე ან ხელოვნური რელიეფი, მაცხოვრებლის სტატუსსა და მის განსაკუთრებულობაზე ყოველთვის მიუთითებდა.
უნდა იცოდეთ, რომ ლანდშაფტის დიზაინი არ არის მხოლოდ ეზოს გამწვანება, ან მისი კეთილმოწყობა. ის უფრო ახლოსაა ხელოვნებასთან და სტილთან – ვიდრე უბრალოდ მცენარეების დარგვასთან. ლანდშაფტის დიზაინის შექმნა არის საპასუხისმგებლო და საკმაოდ რთული პროცესი, რადგან მისი მიზანია ჰარმონიაში მოიყვანოს საკუთარი სახლი არსებულ გარემოსთან. შექმნას ისეთი კომფორტული რეკრეაციული სივრცე, რომლის ფუნქციაც პირდაპირ იქნება თქვენს კეთილდღეობასთან დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაეცანით ბევრ მასალას და დაიქირავეთ ლანდშაფტის დიზაინერი, რომელიც დაგეხმარებათ მოაწყოთ თქვენთვის სასურველი ბაღი.
ბაღის მოწყობისას არ უნდა დაგავიწყდეთ მის განათებაზე ზრუნვა. განათების დამონტაჟება შეგიძლიათ, როგორც მიწაზე, ისე ჰაერში. არ დაგავიწყდეთ როზეტების დამონტაჟება ფანჩატურში, საზაფხულო ფაცხაში და სახლის გარე კედლებზე. ასევე კარგი იქნება ეზოში ლამპიონების დადგმა და ხეებს შორის გრძელი ნათურების გაბმა. ეს ყველაფერი ბაღს განსაკუთრებულ ელფერს სძენ.
საინტერესოა ასევე ღობე და მისი მნიშვნელობა ბაღში. ღობე ეს არის ერთგვარი საზღვარი თქვენს სახლსა და გარე სამყაროს შორის. რომელიც გძენთ დაცულობის და მყუდროების განცდას. იმისათვის, რომ საკუთარ ეზოში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ მნიშვნელოვანია დაცული, მაღალი და მყარო ღობის არსებობა. ჭკვიანური იქნება თუ ღობესთან დარგავთ ისეთ მარადმწვანე მცენარეებს, რომლებიც სწრაფად იზრდებიან სიმაღლეში და დამატებით ფარავენ თქვენს სახლს გარე თვალისგან. ასე მეტად შეძლებთ კონფიდენციალურობის შენარჩუნებას და თქვენ გემოზე დასვენებასაც.
და ბოლოს, თუ თქვენი ეზოს ფართი ამის საშუალებას იძლევა, აუცილებლად გააკეთეთ აუზი. საკუთარი აუზი სწორედ ისაა, რაც თქვენ სახლს სრულყოფილებას შესძენს და მაშინაც კი თუ მისი გაკეთება არ გეჩქარებათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ფართი აუზის სამომავლოდ ასაშენებლად. ამიტომ, როცა ბაღის ზონირებას დაიწყებთ ბილიკებით და სხვადასხვაა მცენარეებით, გამოყავით დიდი სივრცე, სადაც არაფერს დარგავთ და მომავალში აუზის გაკეთებას შეძლებთ.