რა უნდა გავითვალისწინოთ კერძო სახლის მშენებლობის დროს
მათ, ვისაც სურთ საკუთარ სახლში ცხოვრება ორი ვარიანტი აქვთ: თავად აიშენონ სახლი, ან შეიძინონ უკვე აშენებული. რა თქმა უნდა, სახლის შეძენა უფრო მარტივი პროცესია. თუმცა ის სრულყოფილად არ ითვალისწინებს მყიდველის ყველა სურვილს, რადგან სასურველ სახლში ცხოვრება მხოლოდ მისი აშენებით არის შესაძლებელი. კერძო სახლის აშენება კი დიდი პროცესია, რომელიც დროს და ენერგიას მოითხოვს. თუმცა, თუ მშენებლობის გეგმის გაწერა დეტალურად მოხდება და მაქსიმალურად ზუსტად გაივლით მის ყველა პუნქტს, პროცესი იქნება სასიამოვნო გაცილებით უფრო მარტივი და სწრაფი. მას შემდეგ, რაც კერძო სახლის უპირატესობაზე დეტალურად ვისაუბრეთ, გადავწყვიტე დაწვრილებით განვიხილოთ ყველა ის პროცესი, რომელიც საკუთარი სახლის მშენებლობის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ
მიწის ნაკვეთის შეძენა
პირველი ეტაპი, მიწის ნაკვეთის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან თქვენ უნდა აარჩიოთ ის ადგილი, სადაც დიდხანს აპირებთ ცხოვრებას. მთავარი, რასაც ამ ეტაპზე უნდა მიაქციოთ ყურადღება არის ადგილის სიმყუდროვე, ლოკაციის პერსპექტივები და კომუნიკაციები. პირველ რიგში, ჩამოყალიბებული უნდა იყოთ იმაზე თუ რამდენად ახლოს გსურთ ქალაქის ცენტრთან ცხოვრება. უნდა გაითვალისწინოთ მანძილი თქვენს სამსახურს, სკოლებსა და ბაღებს, მარკეტებს, სკვერებსა და სხვა საჭირო პუნქტებს შორის მაშინაც კი, როდესაც სააგარაკე სახლს იშენებთ. მას შემდეგ რაც ადგილს შეარჩევთ უკვე დეტალურად უნდა გააკეთოთ მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევა და გაარკვიოთ რამდენადაა სეისმურად მდგრადი კონკრეტული ადგილი. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ფერდობზე სახლის მშენებლობა უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე სწორ ადგილას. კარგად უნდა გაარკვიოთ რამდენად ახლოსაა მიწის ნაკვეთთან მიყვანილი გაზის, დენის და წყლის კომუნიკაციები. კარგი იქნება თუ გაესაუბრებით მეზობლებს და გაარკვევთ დამატებით ინფორმაციებს, მაგალითად: რამდენად ქარიანია ადგილი, რა ხდება ხშირი წვიმების, ან წყალმოვარდნის დროს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეიძლება ნაკვეთის გამყიდველმა არც კი გაგანდოთ. ასევე აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ დაპროექტებული მიწის ნაკვეთი საქმეს არ გაგიმარტივებთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ აიშენოთ ისეთ სახლი როგორიც გსურთ, მოგიწევთ სახლი მოარგოთ პროექტს
არქიტექტურა და პროექტირება
მას შემდეგ რაც ნაკვეთს შეიძენთ უკვე უშუალოდ სახლის პროექტირებაზე უნდა გადახვიდეთ. ამ ეტაპზე კი აუცილებლად გჭირდებათ არქიტექტორი, რომელიც თქვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინებით ეფექტურად დაგეგმვას სახლს. დაიმახსოვრეთ, მაქსიმალურად ჩაერთეთ ყველა დეტალის დაგეგმვაში, დასვით კითხვები, თავად აჩვენეთ ის სახლები, რომლებთა მსგავსის აშენებაც გსურთ. არ შეწუხდეთ იმაზე, თუ ეს ყველაფერი ბევრ დროს წაგართმევთ, რადგან სჯობს დაგეგმვას მოანდომოთ ბევრი დრო, ვიდრე შემდგომ მშენებლობისას, რამდენჯერმე მოახდინოთ პროექტში ცვლილებები, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ისე ვერ დაგეგმეთ, როგორც საჭირო იყო. ცუდი დაგეგმარება პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, დროსთან და ენერგიასთან.
სახლის დაპროექტებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ HVAC სისტემის განლაგება, რაც გათბობას, ვენტილაციას და კონდიცირებას გულისხმობს. ასეთ დროს, კარგი იქნება თუ წარმოდგენა მაინც გექნებათ, რომელ ოთახში გაატარებთ ხოლმე ყველაზე მეტ დროს. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო დიდია ოთახი ის უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს.
მნიშვნელოვანია, სივრცის დაპროექტებისას კარგად გქონდეთ გააზრებული თქვენი საჭიროებები და ცხოვრების სტილი. თუ დიდი სამზარეულო მოგწონთ, მაგრამ იქ კერძების მომზადების გარდა არაფერს აკეთებთ სჯობს სამზარეულო შედარებით პატარა ოთახად დაგეგმოთ და სივრცე სასტუმრო ოთახს დაუმატოთ, სადაც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უმეტეს დროს გაატარებთ. ოთახების ოპტიმალური განლაგებისას გაითვალისწინეთ, რომ საძინებელი ოთახი ხმაურიანი ქუჩის მხარეს არ უნდა იყოს და უმჯობესია სააბაზანოსთან ახლოს მოთავსდეს. ასევე, საძინებელი ( განსაკუთრებით ბავშვების ) სასტუმრო ოთახიდან მოშორებით უნდა გაკეთდეს. ხოლო სამზარეულო შემოსასვლელთან ახლოს, რათა პროდუქტების დასაბინავებლად სახლის ერთი ბოლოდან მეორეში სიარული არ მოგიწიოთ. თუ ფართი საშუალებას გაძლევთ სამზარეულოსთანავე უნდა მოაწყოთ საკუჭნაო ოთახი. ასევე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოთ სჭირდება თუ არა ყველა საძინებელს თავისი სააბაზანო და გარდერობი და ა.შ.
დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია, როგორც ბუნებრივი ისე, ხელოვნური განათების როლის გათვალისწინება. კარგი იქნება თუ დენცქვიტებს ბევრგან დაამონტაჟებთ. ეს საშუალებას მოგცემთ ინტერიერის დიზაინის ცვლილებასთან ერთად, შეცვალოთ განათების განლაგებაც. ასევე, გამარტივდება ტექნიკის დატენის და მოხმარების პროცესები. რაც შეეხება ბუნებრივ განათებას, დღეს, როდესაც ენერგოეფექტურობასა და რესურსების მდგრადად მოხმარებაზე სულ უფრო მეტს ვსაუბრობთ აუცილებელია, ბუნებრივი განათების მაქსიმალურად ათვისება, რათა მინიმუმამდე შევამციროთ ელექტროენერგიის გამოყენების დრო და ხარჯი. ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ ეგრეთ წოდებულ ყრუ კედელს ააშენებთ ჩრდილოეთის მხარეს, ხოლო ვიტრაჟები და ფანჯრები მაქსიმალურად აითვისებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეებს.
რა თქმა უნდა, ამ ყველა საკითხს არქიტექტორიც გირჩევთ და დეტალები მასთან უნდა შეათანხმოთ, თუმცა რაც უფრო ინფორმირებულები იქნებით, მით ნაკლებ დროს დაკარგავთ დაგეგმვისას
მშენებლობა და მასალები
მას შემდეგ რაც სახლის პროექტი მზად გექნებათ საქმეში ერთვება სამშენებლო კომპანია. აუცილებლად, დიდი ყურადღებით შეარჩიეთ მშენებელთა გუნდი, ან კომპანია. გაეცანით მათ პორტფოლიოს და კარგად გაიკითხეთ მათ შესახებ არამხოლოდ ახლობლებთან და კეთილმოსურნეებთან, არამედ ყოფილ კლიენტებთან და სფეროში გათვითცნობიერებულ ადამიანებთან. ჩაერთეთ მშენებლობის დაგეგმვის პროცესში, დათქვით დრო და ვადები თუ, როდის უნდა დასრულდეს ესა თუ ის ეტაპი და საბოლოოდ მშენებლობაც. დეტალურად გამოკითხეთ მათ არჩეული სამშენებლო მასალების და ენერგოეფექტურობის შესახებ. პროფესიონალთა გუნდი აუცილებლად, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის კურსში ჩაგაყენებთ და თქვენ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ მოგივიდეთ ზედმეტი და თქვენი ქმედებები მიკრომენეჯმენტში არ გადაიზარდოს. ასეთ დროს სახლის აშენების პროცესი ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო პროცესი, რადგან მუდმივად დაღლილი და განერვიულებული იქნებით.
რემონტი
შიდა რემონტის დაგეგმვა ის საკითხია, რომელიც აუცილებლად უფრო ვრცლად და დაწვრილებით უნდა განვიხილოთ. თუმცა ჩვენი რჩევა იქნება, რომ მანამ, სანამ სახლის მშენებლობა მიმდინარეობს თქვენ პარალელურ რეჟიმში დაიწყოთ მასალების შერჩევა და ყიდვა. ასევე, კარგი იქნება თუ ის კომპანია აიღებს თავის თავზე რემონტს, რომელიც მშენებლობით იყო დაკავებული.
გახსოვდეთ, რომ საკუთარი სახლის მთავარი ხიბლია იმაშია, რომ ის მაქსიმალურად იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ასე, რომ ნუ შეიზღუდავთ თავს შაბლონური ელემენტებით. გაეცანით თანამედროვე ტენდენციებს და აიშენეთ სახლი მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გაწევის გარეშე.