მიწის ნაკვეთის შერჩევა
ალბათ, კერძო სახლების ყველაზე დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ სად და როგორ სახლში ვიცხოვრებთ. მფლობელი თავიდან ბოლომდე იღებს მონაწილეობას მის დაგეგმვაში და საბოლოოდ ცხოვრობს სახლში, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. თავისუფლება, რომელიც სივრცის დაგეგმვისა და ადგილის არჩევის დროს გეძლევა არის ყველაზე დიდი ფუფუნება, რომელიც სამწუხაროდ, კორპუსის ბინაში ცხოვრების დროს არ გაქვს. დღევანდელი ცხოვრების რითმიდან გამომდინარე საზოგადოებამ ძალიან სწორი აქცენტების დასმით კარგად გაანალიზა თუ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე. ასეთი სივრცე კი ცალსახად ცენტრისგან მოშორებით აშენებული კერძო დასახლებებია, რადგან ისინი შორსაა ურბანული, მჭიდრო და ხმაურიანი დასახლებისგან.
როგორც გახსოვთ, ჩვენ წინა სტატიებში დაწვრილებით განვიხილეთ სახლის აშენებასთან დაკავშირებული ფაქტორები. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ სანამ უშუალოდ სახლის აშენება დაიწყება მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი. მათ შორისაა მიწის ნაკვეთის შერჩევა, კვლევა და ყიდვა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დეტალურად გესაუბროთ უშუალოდ მიწის ნაკვეთის შერჩევასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე, რადგან ნაკვეთის შერჩევა არის პირველი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რაც დიდ ყურადღებას და გარკვეულ ცოდნას მოითხოვს.
ალბათ ნაკვეთის ყიდვის წინ ყველას ერთი დაიგივე კითხვა უტრიალებს თავში: სად ვიყიდოთ მიწა? რა უნდა გავითვალისწინოთ მიწის შეძენისას? რამდენად უსაფრთხოა ან კომფორტულია ესა თუ ისი ადგილი? და ა.შ.
რადგან თქვენ უნდა აარჩიოთ ის ადგილი, სადაც დიდხანს აპირებთ ცხოვრებას.
მთავარი, რასაც მიწის ნაკვეთის ყიდვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება არის: ადგილის სიმყუდროვე, ლოკაციის პერსპექტივები და კომუნიკაციები
.
დღევანდელი გარემო პირობებიდან გამომდინარე ადგილმდებარეობის შერჩევისას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება. პირველ რიგში, ჩამოყალიბებული უნდა იყოთ იმაზე თუ რამდენად ახლოს გსურთ ქალაქის ცენტრთან ცხოვრება. ადგილი, რომელიც ცენტრისგან მოშორებით და ბუნებასთან ახლოს მდებარეობს მომავალ მაცხოვრებლებს აუცილებლად დაიცავს ხმაურისა და ჰაერის დაბინძურებისგან და შესაბამისად მშვიდ და სუფთა გარემოში ცხოვრების გარანტიასაც მისცემს. თუმცა თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მანძილი სამსახურს, სკოლებსა და ბაღებს, მარკეტებს, სკვერებსა და სხვა საჭირო პუნქტებს შორის (მაშინაც კი, თუ სააგარაკე სახლს იშენებთ).
რა თქმა უნდა, ზოგიერთი გარეუბანი იმდენად არის განვითარებული, რომ ყველა საჭირო დაწესებულებას და ადგილს მოიცავს. თუმცა თბილისში ასეთი ადგილები ძირითადად ათვისებულია. აქ ძალიან რთული და ამავდროულად, საკმაოდ ძვირი ჯდება მიწის ნაკვეთის ყიდვა. რა თქმა უნდა, ურბანიზაციის პროცესი შეუჩერებელია და ხდება ქალაქის ისეთი ტერიტორიების ათვისება და მოწყობა, რომლებიც სამომავლო პერსპექტივით ნადვილად არ ჩამოუვარდებიან არსებულ ე.წ. „ელიტურ“ გარეუბნებს. ამიტომ, მიწის ყიდვისას ადგილის სამომავლო პოტენციალის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის ერთგვარი მომგებიანი ინვესტიციაც, რადგან მიწის ნაკვეთები იაფია ისეთ გარეუბნებში, რომელთა ათვისებაც ახლა იწყება. თუმცა, ურბანული სისტემის განვითარების შემთხვევაში ფასები აუცილებლად მოიმატებს, როგორც სახლებზე, ისე მიწის ნაკვეთებზე.
მას შემდეგ, რაც ადგილს შეარჩევთ უკვე დეტალურად უნდა გააკეთოთ მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევა და გაარკვიოთ რამდენად არის სეისმურად მდგრადი კონკრეტული ადგილი. ტერიტორიისათვის სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასების, თანამედროვე მეთოდოლოგიით განხორციელებული სეისმური მიკროზონირების კვლევა, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა უსაფრთხო და დაცული ურბანული გარემოს შექმნისთვის.
რაც შეეხება მესამე ფაქტორს, კარგად უნდა გაარკვიოთ რამდენად ახლოსაა მიწის ნაკვეთთან მიყვანილი გაზის, დენის და წყლის კომუნიკაციები. კარგი იქნება თუ გაესაუბრებით მეზობლებს და გაარკვევთ დამატებით ინფორმაციებს, იმის შესახებ თუ რამდენად ქარიანია ადგილი, რა ხდება ხშირი წვიმების, ან წყალმოვარდნის დროს. გაეცანით სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც შეიძლება ნაკვეთის გამყიდველმა არც კი გაგანდოთ.
უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მიწის ნაკვეთის ყიდვა შეგიძლიათ, როგორც კერძო მესაკუთრისგან, ისე სახელმწიფოსგან. პირველ შემთხვევაში აუცილებელია მოსთხოვოთ კერძო მესაკუთრეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო რუქით. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული ნაკვეთი არ არის დატვირთული იპოთეკით ან საგადასახადო გირავნობით. მიწის ნაკვეთს არ უნდა ედოს ყადაღა. ასევე აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ დაპროექტებული მიწის ნაკვეთი საქმეს არ გაგიმარტივებთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ აიშენოთ ისეთ სახლი როგორიც გსურთ, მოგიწევთ სახლი მოარგოთ პროექტს. ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას მოიძიებთ ნაკვეთზე.
რაც შეეხება სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთის ყიდვას, ამ დროს თქვენ აუცილებლად უნდა მოამზადოთ მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი, რათა ცხადყოთ, რომ ეს მიწა არავის სარგებლობაში არი არის. განცხადებით მიმართოთ შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს. ამის შემდეგ, სარეგისტრაციო სამსახურიდან მიიღებთ ორ ინფორმაციას რეესტრის ხელმისაწვდომობისა და მიწის მესაკუთრეზე, სადაც აღნიშნული იქნება ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთის მდგომარეობის შესახებ. გახსოვდეთ, რომ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთის ყიდვა ბევრ ბიუროკრატიულ საფეხურის გავლასთანაა დაკავშირებული. ამიტომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში გირჩევთ კერძო მესაკუთრისგან შეიძინოთ მიწის ნაკვეთი.